logo
ENG



"დირსში" მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

29 აპრ 202221:56
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ საცხოვრებელ კომპლექს "დირსში" მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 29 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, განიხილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს გ.დ.-ს და ი.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გ.დ.-ს ბრალად ედება იძულება, განზრახ მკვლელობა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო ი.ა.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა.

საქმის მასალების თანახმად, გ.დ.-მ მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, "დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივითა და განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში, 4 ადამიანს, მათ შორის, ერთ არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გ.დ-მ მომხდარის შესახებ ი.ა-ს მოუყვა მან კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სამხილების განადგურებაც სცადა.

„შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“ - წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

close დახურვა